აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რესპუბლიკელების შუალედურ არჩევნებში მარცხის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას და რიტორიკას მკვეთრად აკრიტიკებს და მისგან დისტანცირებას ცდილობს. ამასთან, როგორც The New York Times აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ ეს თავად ტრამპის თანხმობით ხდებოდეს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვენსმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა ნაწილმა, რომელიც მანამდე ტრამპს უჭერდა მხარს, ამჯერად უპირატესობა დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს მიანიჭა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა, მათ შორის ირანთან ომმა, ინფლაციამ და ქვეყნის ისრაელთან ურთიერთობების ხასიათის შეცვლის სურვილმა.
ეს პოზიცია ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის შეხედულებებს. აშშ-ის პრეზიდენტი მუდმივად იცავს ირანთან ომს, ცხოვრების გაძვირებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას „გამოგონილს“ უწოდებს და ისრაელთან მჭიდრო ალიანსს ინარჩუნებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვენსმა ეს განცხადება, შესაძლოა, თავად დონალდ ტრამპის თანხმობით გააკეთა. წყაროს ინფორმაციით, პოსტის გამოქვეყნებამდე ვენსმა მისი შინაარსი პრეზიდენტს გაუზიარა და მისგან დადებითი შეფასებაც მიიღო.
რამდენიმე საათის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტის შეფასება „დიდწილად სწორია“. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ დაიცვა ირანთან ომის აუცილებლობა და განაცხადა, რომ ირანზე დარტყმის გარდა „სხვა არჩევანი არ ჰქონდა“.
„ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები ფაქტობრივად აჩვენებს, რომ ის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებისგან დისტანცირებას ცდილობს პოლიტიკურად კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში“, - წერს გამოცემა.
მას შემდეგ, რაც ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა, ბევრი მას ტრამპის მთავარ შესაძლო მემკვიდრედ მიიჩნევდა. თუმცა, 3 ნოემბერს გამართული არჩევნების შემდეგ, რომლებშიც რესპუბლიკელებმა მარცხი განიცადეს, პარტიაში სამომავლო პოლიტიკური კურსის გადაფასება დაიწყო.
NYT-ის შეფასებით, ვენსის განცხადება მიანიშნებს, რომ ის მზად არის, ტრამპისგან დისტანცირება დაიწყოს და საკუთარ პოლიტიკურ მომავალზეც იფიქროს.
შეგახსენებთ, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის მიერ შუალედურ არჩევნებში დამარცხებისა და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის დაკარგვის მთავარი მიზეზი ირანთან ომია.