რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი მილსადენებით რუსული გაზის ევროპაში მიწოდების განახლება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ამის შესახებ პესკოვმა The Wall Street Journal-ის პუბლიკაციის კომენტირებისას განაცხადა. გამოცემა წერდა, რომ აშშ რუსული გაზის ევროპაში მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას უჭერს მხარს.
პესკოვის თქმით, ამჟამინდელი ვითარება აჩვენებს, რომ უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის აღდგენის გეგმების განხორციელება შეუძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამ ეტაპზე მომავალში მიწოდების განახლებაზეც საუბარი.
ამასთან, პესკოვის განცხადებით, სამომავლო გეგმები დამოკიდებული იქნება როგორც მყიდველების სურვილზე, ისე მიმწოდებლების შესაძლებლობებზე.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ მხარს უჭერს უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას. ეს საკითხი ენერგეტიკული ზავის შესახებ მოლაპარაკებების ნაწილია, რომლებიც მოახლოებული ზამთრის წინ მიმდინარეობს.
ამასთან, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც კი ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის განახლებას არ გეგმავს, რადგან რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა მოქმედი კანონმდებლობით არის გამყარებული.