ესპანეთის ქალაქ გრანადასთან, ელ-ფარგეს საბრძოლო მასალის ქარხანაში 30 ოქტომბერს, დილით, ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9 საათზე, ქარხნის დენთის საამქროში მოხდა. აფეთქების ხმა გრანადას მიმდებარე დასახლებებშიც გაიგონეს.
ესპანეთის საგანგებო სამსახურის 112-ის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პროფკავშირ UGT-ის ცნობით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ქარხანაში რეგულარული გამოცდის დროს მოხდა. მათი განმარტებით, ტერიტორია შემოსაზღვრული იყო და აფეთქების სიახლოვეს ადამიანები არ იმყოფებოდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ ეროვნული პოლიციის, სამოქალაქო გვარდიის, ადგილობრივი პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლები. პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების პერიმეტრებით შემოსაზღვრა. მომხდარის მიზეზს სამართალდამცველები იძიებენ.
ინციდენტის შემდეგ ქარხანამ, სადაც დაახლოებით 300 ადამიანი მუშაობს, სამუშაო პროცესი დღის ბოლომდე შეაჩერა.
ესპანური მედიის ცნობით, ქარხანა ელ-ფარგეში მდებარეობს და სლოვაკურ MSM Group-ს ეკუთვნის. ქარხანა უკრაინისთვის საბრძოლო მასალას - მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას, საარტილერიო ჭურვებსა და სარაკეტო კომპონენტებს აწარმოებს. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მისი წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე გადაერთო.
ეს ქარხანასთან დაკავშირებული მეორე ინციდენტია ორ კვირაზე ნაკლებ დროში: 13 ოქტომბერს მის მახლობლად ნაღმტყორცნის ჭურვებით დატვირთული სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. იმ შემთხვევაშიც არავინ დაშავებულა.