აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა და რუსეთი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საბოლოოდ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება. ამის შესახებ ტრამპმა 20 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, როგორც უკრაინა, ისე რუსეთი ბევრ ადამიანს კარგავს, თუმცა რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, უკრაინა კი - არა.
ტრამპის განცხადებით, ზელენსკი ომის დასრულებას უნდა ცდილობდეს და თუ ამას არ გააკეთებს, ამას, მისი აზრით, ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება.
„უკრაინა თავად უნდა ცდილობდეს შეთანხმების მიღწევას, რადგან შეერთებულმა შტატებმა ამაში უზარმაზარი თანხა დახარჯა, ევროპამაც უზარმაზარი თანხა დახარჯა და ევროპა უკვე დაიღალა ამით.
თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საბოლოოდ, ჩემი აზრით, სიტუაცია უბრალოდ კიდევ უფრო გაუარესდება“, - განაცხადა ტრამპმა.
„რუსეთი დიდი მანქანაა, რომელიც წინ მიიწევს. მათ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს. ყოველ კვირას ოკუპირებული ტერიტორია იზრდება. რუსები უბრალოდ წინ მიიწევენ. მათ ადამიანური რესურსის ამოუწურავი მარაგი აქვთ, უკრაინას კი - არა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა რუსეთს „დიდი სახელმწიფო“ უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, ადამიანური რესურსის ამოუწურავი მარაგი აქვს.
„თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საბოლოოდ, ჩემი აზრით, ყველაფერი უბრალოდ გაუარესდება. რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. მათ ბევრი ადამიანი ჰყავთ, რომელთა მობილიზებაც შეუძლიათ. უკრაინას კი არ აქვს შესაძლებლობა, დიდი რაოდენობით ადამიანური რესურსი მოიზიდოს. დროა, შეთანხმებას მიაღწიონ. სწორედ ამას ვამბობ.
მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ: ჩვენ უკრაინას ბევრი რამ მივეცით. მათ კი აბსოლუტურად არაფერი, გარდა მწუხარებისა, სიკვდილისა და უზარმაზარი ფინანსური დანაკარგებისა. ჩვენ უკრაინას აღჭურვილობისა და სამხედრო ტექნიკის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა მივაწოდეთ - ძირითადად სამხედრო აღჭურვილობა, თუმცა სხვა სახის ტექნიკაც. და უკვე დროა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, შეთანხმების მისაღწევად პუტინისა და ზელენსკის „ერთ ოთახში ყოფნა აუცილებელი არ არის“.
„ვფიქრობ, ამის ორგანიზება სხვა გზითაც შემიძლია. მათთვის რთულია ერთ ოთახში ყოფნა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოხდება ეს“, - განაცხადა ტრამპმა.