ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ დაადასტურა, რომ 20 ოქტომბერს ოსლოში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლებისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით შეხვედრები გაიმართება.
სტორეს განცხადებით, უკრაინამ თხოვნით მიმართა ნორვეგიას, რომ შეხვედრებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჩართულიყვნენ. მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გზებს შეეხება.
შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე.
„მოხარული ვარ, რომ ისინი შეძლებენ მონაწილეობას. დიპლომატიური ძალისხმევა მანამდეც არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობდა და ნორვეგია და ფინეთი მოხარულნი არიან, რომ ამ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ. მიზანია, დიპლომატიური ძალისხმევა უფრო კონსტრუქციულ გზაზე გადავიყვანოთ“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტივ უიტკოფი ოსლოში ჩავა, ჯარედ კუშნერი კი მოლაპარაკებებში დისტანციურად ჩაერთვება. ნორვეგიაში კუშნერიც ინდა ჩასულიყო, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპის სიძე შეუძლოდ გახდა.