რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა განაცხადა, რომ პირები, რომლებიც უკრაინის მიერ Starshield-ის გამოყენების შეზღუდვაში მონაწილეობენ, სრულად აგებენ პასუხს.
როგორც ფიცპატრიკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, მიმდინარე კვირაში ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდთან მოლაპარაკებებს გამართავს. შეხვედრაზე განიხილავენ Starshield-ის პროგრამას, სანქციებსა და უკრაინის თავდაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
კონგრესმენის განცხადებით, ის ზელენსკის დაარწმუნებს, რომ კონგრესი უკრაინისთვის პროგრამის გამოყენების შეზღუდვაში მონაწილე ამერიკელი ოფიციალური პირების ქმედებებს გამოიძიებს და მათ პასუხისმგებლობას დააკისრებს.
"პრეზიდენტ ზელენსკის დავარწმუნებ, რომ ნებისმიერი პირის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინისთვის Starshield-ის გამოყენების შეზღუდვას შეეცდება, სრულყოფილი გამოძიება ჩატარდება და მას სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება. ეს მოიცავს კონგრესის ზედამხედველობის ფარგლებში საჯარო მოსმენებს და პასუხისმგებელი უწყებისთვის ან მისი ხელმძღვანელისთვის საბიუჯეტო დაფინანსების დაუყოვნებლივ, მკაცრ და სადამსჯელო შემცირებას.
კონგრესი ცალსახად კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ უკრაინა შეერთებული შტატების შეუცვლელი მოკავშირეა, რუსეთმა კი თავად გამოაცხადა თავი შეერთებული შტატების მტრად. აშშ სრულად დაუჭერს მხარს და დაიცავს უკრაინელ ხალხს, რომელიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვის რუსეთის ამ სასტიკი, უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრის წინააღმდეგ.
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო ყველა სახის აღჭურვილობა უნდა მიაწოდოს. აშშ-მა რუსული ნავთობის ერთი წვეთიც კი არ უნდა შემოიტანოს. რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები იმაზე მკაცრი და ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ყველა ამ საკითხს წარმომადგენელთა პალატას წარვუდგენთ და თითოეულ მათგანს პალატა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭერს მხარს.
ბოლოს და ბოლოს, სწორედ ასე მოიქცეოდა რონალდ რეიგანი. და სწორედ ასე მოვიქცევით ახლა.
უკრაინას შეუძლია რუსეთის დამარცხება და ამას აუცილებლად გააკეთებს.
#PeaceThroughStrength - მშვიდობა ძალის მეშვეობით", - წერს კონგრესმენი.