ევროკომისია საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე უზრუნველყოს მშვიდობიანი დემონსტრაციების გამართვის უფლების დაცვა. ამასთან, ბრიუსელი გმობს მომიტინგეების მხრიდან მომხდარ ძალადობას.
„მშვიდობიანი პროტესტის უფლება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებაა და ის დაცული უნდა იყოს. მშვიდობიანი დემონსტრანტები არ უნდა გავუთანაბროთ მათ, ვინც ძალადობას სჩადის. ხანძრების გაჩენა, ძარცვა და ადამიანებზე ან საჯარო შენობებზე თავდასხმები მიუღებელია“, - განაცხადა ევროკომისიის შინაგან საქმეთა საკითხების პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა.
ლამერტის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საფრანგეთის ხელისუფლების ძალისხმევას, დაიცვას მოქალაქეები, კერძო და საჯარო ქონება და სახელმწიფო დაწესებულებები ფუნდამენტური უფლებების სრული დაცვით. მისივე განმარტებით, სამართალდაცვითი ღონისძიებები ეროვნული ხელისუფლების კომპეტენციაა და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საფრანგეთში მიმდინარეობს.
საფრანგეთში საპროტესტო აქციები შაბათ-კვირას არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრაციები ცხოვრების გაძვირებასა და საჯარო სერვისების მდგომარეობას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ასობით ათასი ადამიანი მშვიდობიანად მონაწილეობდა აქციებში, რამდენიმე ქალაქში შეტაკებები, ძარცვა და ხანძრები დაფიქსირდა.