უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს. მისი თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების შეხვედრა E3-უკრაინის ფორმატში გაიმართება.
ზელენსკის თქმით, საუბრისას ლიდერებმა განიხილეს, როგორ პასუხობს რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ენერგეტიკული ზავის შესახებ - უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალი თავდასხმებით.
"გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ვესაუბრე. მადლობა უკრაინის მიმართ სოლიდარობისა და ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის.
განვიხილეთ, როგორ პასუხობს რუსეთი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ენერგეტიკული ზავის შესახებ - უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალი თავდასხმებით. სწორედ ასე იქცევიან რუსები, როდესაც ზეწოლა სუსტდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ პრინციპული მოქმედება გააგრძელოს.
გერმანია „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის ორგანიზებაზე მუშაობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მუშაობა ყველა სხვა ფორმატშიც, რომელსაც შეუძლია უკრაინისა და მთელი ევროპის გაძლიერება.
შევთანხმდით, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების შეხვედრა E3-უკრაინის ფორმატში გაიმართება.
ასევე ვისაუბრეთ უკრაინის ფინანსური მდგრადობის მხარდაჭერაზე. ყველა საკითხს ამ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე უფრო დეტალურად განვიხილავთ“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე ინფორმაციით, მხარეები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების შეხვედრის E3-უკრაინის ფორმატში გამართვაზეც შეთანხმდნენ.
თავის მხრივ, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას განიხილა რუსეთის მიერ სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული საჰაერო იერიშები.
„რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას უნდა დათანხმდეს - ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინაში მტკიცე მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.