გერმანული თავდაცვის კომპანია Quantum Systems უკრაინისთვის ათიათასობით SPYS-ის ტიპის ჩამჭრელი დრონის მიწოდებას გეგმავს. ახალი სისტემები, მათ შორის, რუსული რეაქტიული დრონების „გერან-4“-ისა და „გერან-5“-ის წინააღმდეგ საბრძოლველად იქნება გამოყენებული.
ამის შესახებ Quantum Systems-ის ვიცე-პრეზიდენტმა მატიას ლენამ ბერლინში კომპანიის პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლენას განცხადებით, SPYS Quantum Systems-ისა და უკრაინული კომპანია WIY-ის ერთობლივი შემუშავებაა. კომპანიები Quantum WIY Industries-ის ფარგლებში თანამშრომლობენ. ახალი სისტემის შექმნისას გათვალისწინებული იყო უკრაინაში კომპანიის პროდუქციის, მათ შორის STRILA-ს ტიპის ჩამჭრელი დრონების გამოყენების გამოცდილებაც.
„ხელი მოეწერა განზრახვის წერილს (LOI) ათიათასობით SPYS-ის მიწოდების შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ რეაქტიული დრონების ჩამოგდება შეუძლიათ“,- განაცხადა ლენამ.
Quantum Systems-ის წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში ბოლო პერიოდში რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი განცხადებით, თავდაპირველად მათი ჩაჭრის მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, შემდეგ 30%-ს გადააჭარბა, ბოლო ღამეებში კი 50%-ზე მეტი შეადგინა.
ამასთან, ლენამ აღნიშნა, რომ ეს შედეგი მხოლოდ ჩამჭრელი დრონების გამოყენებას არ უკავშირდება და სხვადასხვა საშუალების ერთობლივი გამოყენების შედეგია. მისი თქმით, უკრაინა ასევე იყენებს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს, რომლებსაც რეაქტიული „შაჰედების“ ჩაჭრა შეუძლიათ.
მისივე თქმით, SPYS-ის წარმოების მასშტაბირებისას კომპანია უკვე შექმნილ STRILA-ს საწარმოო შესაძლებლობებს გამოიყენებს. ლენას განცხადებით, წარმოების მოცულობამ შესაძლოა თვეში რამდენიმე ათას ერთეულს მიაღწიოს.
კომპანიის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ახალი პარტიიდან SPYS-ის პირველი ერთეულების მიწოდება უკვე მიმდინარე წელს შეიძლება დაიწყოს.