აშშ-ის საელჩო რუსეთში ქვეყანაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. საელჩოს განცხადებით, ამის მიზეზი ირკუტსკის ოლქში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობებია.
საელჩოს ინფორმაციით, მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია ირკუტსკის ოლქში ადამიანის გარდაცვალებისა და შავ ჭირზე ეჭვის შესახებ, რასაც კარანტინის ღონისძიებები და ირკუტსკში რამდენიმე საავადმყოფოს დახურვის შესახებ ცნობები მოჰყვა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთის შესახებ მეოთხე დონის სამოგზაურო გაფრთხილება ძალაში რჩება. საელჩოს განცხადებით, რუსეთში მყოფმა ამერიკის მოქალაქეებმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ, ხოლო მათ, ვინც რუსეთში გამგზავრებას გეგმავს, კვლავ მკაცრად ურჩევენ, ამისგან თავი შეიკავონ.
საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში, განსაკუთრებით მოსკოვის ფარგლებს გარეთ, აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობები საკუთარი მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის კუთხით ძალიან შეზღუდულია.
მათ, ვინც რეკომენდაციის მიუხედავად რუსეთის დატოვებას არ აპირებს, საელჩო მოუწოდებს, საგანგებო ვითარების შემთხვევაში საკუთარი ევაკუაციის გეგმა ჰქონდეთ და არ დაეყრდნონ აშშ-ის მთავრობის დახმარებას.
ამასთან, შავი ჭირის აფეთქება ირკუტსკში ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის. Reuters-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა, რომ ირკუტსკში ჭირის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. დაახლოებით 200 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევებმა ჭირის გამომწვევი არ გამოავლინა.
შემთხვევა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ირკუტსკის ჭირის კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელი პნევმონიით გარდაიცვალა.