საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს.
მისივე თქმით, მსჯავრდებული ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართეს, რის შემდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
„ჩვენ მსჯავრდებულმა დავითაძემ 20-21 დეკემბრის ინციდენტთან დაკავშირებით 26 დეკემბერს მოგვმართა. როგორც თავად განმარტავდა, სავარაუდოდ, მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, მათ შორის, გაუპატიურების მუქარას. იმავე დღეს ჩვენ სრულად დავათვალიერეთ, როგორც 20, ისე 21 დეკემბრის მასალა პენიტენციურ დაწესებულებაში და ამდაგვარი ქმედების ამსახველი მტკიცებულება ნანახი ვერ იქნა. გარდა ამისა, მან პერიოდულად სხვა საკითხებზეც მოგვმართა, მათ შორის, ივნისში, კიდევ ერთხელ ისაუბრა სექსუალურ ხასიათის დანაშაულზე. ჩვენს მიერ უკვე გამოკვლეული იყო ეს პერიოდი და იგივე პერიოდს მიუთითებდა, შესაბამისად, მას ადვოკატის თანდასწრებით განემარტა, რა სამუშაოები იქნა გაწეული სახალხო დამცველის და მისი აპარატის მიერ, რა იქნა ნანახი და იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ის ასევე მიუთითებდა ბადრაგის მხრიდან შეურაცხყოფაზე, გინებაზე და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“.
საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.