26 სექტემბრის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
გენშტაბის ცნობით, ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ნავთობის გადამუშავების წლიური სიმძლავრე დაახლოებით 6.6 მილიონი ტონაა. საწარმო ნახშირწყალბადების ნედლეულის მიღებით, შენახვითა და გადამუშავებით არის დაკავებული და ნავთობპროდუქტებს აწარმოებს და ტვირთავს.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ქარხნის პროდუქცია, მათ შორის, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.
რუსეთის კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ბენიამინ კონდრატიევმა მანამდე განაცხადა, რომ დრონების თავდასხმის შედეგად ორ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, თუმცა კონკრეტულად ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ დაუსახელებია.