უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის ზამთარი მძიმე იქნება, თუ რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმებს გააგრძელებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინელებს ესმით, რომ ეს ზამთარი ჩვენთვის შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს, მაგრამ საპასუხოდ სხვა არჩევანი არ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ ის რუსეთისთვისაც მტანჯველი გავხადოთ.
ვერც ერთი რუსი მაღალჩინოსანი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ გენერალი ზამთარი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რუსეთის მხარეს იბრძოდა, ერთ დღეს მეორე მხარეს გადავიდოდა და მათ დაუჭერდა მხარს, ვინც რუსეთის წინააღმდეგ თავს იცავს. ჩვენ ამას ამ ზამთარს აუცილებლად გავაკეთებთ, თუ რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემასა და გათბობის სისტემაზე თავდასხმებს გააგრძელებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ არის ზამთრის დაწყებამდე დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი.
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ასევე შეახსენა, რომ უკრაინას ომი არ აურჩევია და ის უბრალოდ ირჩევს, რომ არ მოკვდეს და თავი დაიცვას.