უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს კვლავ აგრძელებს, ხოლო უკრაინის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს აყენებენ იმ საწარმოებზე, რომლებიც აგრესორი ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიას ამარაგებენ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთი არ წყვეტს დარტყმებს ჩვენს ენერგეტიკულ ობიექტებზე, ჩვეულებრივ ლოგისტიკასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენი საპასუხო დარტყმები კი მათთვის საგრძნობია.
უკრაინის თავდაცვის ძალებისგან სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია მივიღეთ. ასევე, დარტყმები განხორციელდა ტაგანროგში დრონების მწარმოებელ საწარმოზე, ორიოლის ოლქში დრონების მომზადებისა და გაშვების ობიექტზე. დარტყმები განხორციელდა შავ ზღვაშიც.
მადლობა თითოეულ ჩვენს მებრძოლს ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციების ეფექტიანობისთვის!“ - აცახდებს ზელენსკი.
14 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი, ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 სექტემბერს, საღამოს ვიდეომიმართვაში, აშშ-ის წინადადებაზე ისაუბრა, რომელიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ორმხრივი დარტყმების შეწყვეტას ითვალისწინებს. „თუ ეს დეესკალაციის პირველი ნაბიჯი შეიძლება გახდეს რუსეთის მხრიდან ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების და ჩვენი საპასუხო დარტყმების შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯი - უკრაინა მზად არის, მხარი დაუჭიროს დეესკალაციას“, - განაცხადა მან.
თუმცა, Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გარკვეული პერიოდია მიმდინარეობს, თუმცა კრემლის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს, შეთანხმების ზამთრის დადგომამდე გაფორმება არ სურს.