აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ტრიბუნა გამოიყენება დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელებისთვის. ჩვენ უფრო მეტად და მეტად უნდა ვამხილოთ ნებისმიერ პლატფორმაზე, როდესაც ევროკავშირის თუ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქართველ ხალხს ცილს სწამებს და ეს არის ცილისწამება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გაერო-ში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებაზე, რომ „მოუწოდებენ საქართველოს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა“. განცხადებაში ასევე საუბარია იმის შესახებ, რომ „ევროკავშირი გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა დაკავებას“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ყველა ცრუ განცხადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხილებული იქნება.
„ბრიუსელი საკუთარ ცრუ ნარატივში არის დაკარგული, ვერ გამოდის იმ ნარატივიდან, რასაც ორი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ შეეცადნენ, თავს მოეხვიათ საქართველოსა და მსოფლიოსთვის, თითქოს საქართველოში არჩევნები გაყალბდა, თითქოს საქართველოში მშვიდობიანი აქციების წინააღმდეგ ხდებოდა მოქმედებები პოლიციის მხრიდან. ეს ყველაფერი დაიმსხვრა. ყველა საკითხი გამოძიებულია, განაჩენები დამდგარია. ვნახეთ 45 საპროცესო შეთანხმება და შეწყალების თხოვნა, სადაც აღიარებულია ყველა ეს დანაშაული. ახლა მოჭიდება კვლავ ამ ცრუ ნარატივზე უბრალოდ აჩვენებს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის არსს, რომ ისინი ხავსს ეჭიდებიან და ცდილობენ კვლავ იმ რევოლუციური სცენარის მომსახურებას, რომელიც საქართველოში დამარცხდა. ამიტომ ბრიუსელი უნდა გამოვიდეს ამ ილუზიებიდან, უპირველეს ყოვლისა, უარი თქვას საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკაზე. მართლაც შემაშფოთებელია, რომ ჩვენ კვლავ გვესმის ამგვარი რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ; მეორე, უარი თქვას დეზინფორმაციის გავრცელებაზე საქართველოს წინააღმდეგ. აღარ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ ეს ყველაფერი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, უკვე ზედმეტიც კია, უბრალოდ ეწინააღმდეგება საღ აზრს, როგორც იქცევა დღეს ევროკავშირი საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ, საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, ყველა ცრუ განცხადება, ევროკავშირის მხრიდან იქნება, ნებისმიერი ქვეყნის თუ ორგანიზაციის მხრიდან, ჩვენი მხრიდან მხილებული იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.