„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უბრალოდ ფაქტების კონსტატაცია მოახდინეს, ეს იმდენად არ მოეწონათ, რომ არ წყვეტენ თავდასხმას მიხეილ სააკაშვილსა და ჩვენს პარტიაზე. არ ვაპირებთ მუდმივად ამ თემაზე საუბარს, ვინაიდან ბევრი საკითხი გვაქვს, რაზეც ვმუშაობთ, თუმცა თუ თავდასხმები არ შეწყდება, ვუპასუხებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ახლებს“ ჰგონიათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მუდმივი თავდასხმა მათ აქცევს მთავარ ოპოზიციურ ძალად, რაც ძალიან მცდარი პოზიციაა მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით.
„„ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი არიან ყველაზე შეურიგებელი მებრძოლები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენს პარტიაში არსებობს ძალიან მკაფიო პოზიცია: არ შეიძლება, კონკრეტული ადამიანი, რომელიც არის დაკავშირებული ივანიშვილის რეჟიმის ეკონომიკურ სქემებთან, გამოჩნდეს წინასაარჩევნოდ, დახარჯოს უკონტროლოდ დიდი თანხა და, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყოს ივანიშვილის მიერ მწვანეშუქანთებული. ივანიშვილს ყოველთვის აწყობდა ოპოზიციის დაქსაქსვა და „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტების პროცესის ხელშეწყობა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.