„ანტიქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობას ძარცვავს, ხოლო ქვეყანაში ჩავარდნილი სახელმწიფო პროექტები არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძე გამოეხმაურა მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში 41 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება არ შესრულდა, შეუსრულებელი პროექტების საერთო ღირებულებამ კი 3 602 617 ლარი შეადგინა.
მისი თქმით, პრობლემა მხოლოდ ამ თანხით არ შემოიფარგლება და ჩავარდნილი პროექტები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მაღალჩინოსნებთან არის დაკავშირებული.
„რეგიონების ამბავი არის მარტივად - „ანტიქართული ოცნება“ ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას. ყველა ის ჩავარდნილი პროექტი არის არაკომპეტენტურობისა და კორუფციის შედეგი. 3.6 მილიონი ლარი კი არა, ათეულობით მილიონი ლარის ძარცვა მიმდინარეობს ყოველთვიურად ჩავარდნილი პროექტების სახით. ყველა ეს ჩავარდნილი პროექტი კავშირშია „ანტიქართული ოცნების“ ჩინოვნიკებთან, მაღალჩინოსნებთან. ეს კომპანიები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები და ასე მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობის ძარცვა. მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და რეგიონში, ერთი და იმავე კომპანიას, რომელსაც მრავალგზის აქვს შეუსრულებელი პროექტი, მითვისებული ათეულობით მილიონი ლარი, თავიდან ისევ აძლევენ სხვადასხვა პროექტსა და ტენდერს შესასრულებლად. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ ძარცვა მიმდინარეობს. არავის არ სჯერა იმის, რომ ამ ნაძარცვიდან წილი არ მისდით „ქართულ ოცნებას“ და მის ჩინოვნიკებს. სხვა არგუმენტი არ არსებობს რატომ შეიძლება მისცე გაფუჭებულ, გაშავებულ, ყაჩაღ კომპანიებს სხვადასხვა ტენდერი და დააზარალო საზოგადოებრივი და სახალხო ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.