აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის სამ ნავთობტანკერს დაარტყეს და მწყობრიდან გამოიყვანეს. დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) აშშ-ის საზღვაო ძალების ორ სამხედრო ხომალდზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკულმა სამხედრო ხომალდებმა რაკეტების დარტყმას თავი აარიდეს და აშშ-ის სამხედრო პერსონალს შორის დაშავებულები არ არიან.
სამი ირანული ტანკერიდან ერთი ხარგის კუნძულთან, მეორე ჯასკთან, ხოლო მესამე ომანის ყურეში მდებარეობდა. აშშ-ის სამხედროების ინფორმაციით, ორი ტანკერი სრულად მწყობრიდან გამოიყვანეს, მესამე კი გაანადგურეს. ეკიპაჟების ევაკუაცია განხორციელდა.
ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ ირანისთვის გზავნილი ნათელია: „თუ ჩვენს ორ ხომალდს ესვრით, უფრო მაღალ ეკონომიკურ ფასს გადაიხდით - თქვენს სამ ხომალდს გავანადგურებთ“.
ტანკერები ირანის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და რეგიონში მისი შეიარაღებული მოკავშირეების დაფინანსებას ემსახურება.
ირანის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.