თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილის გამოკითხვა დასრულდა.
თაზო დათუნაშვილი უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე იკითხებოდა.
"უწყებებს აინტერესებდათ, რაიმე ინფორმაცია მქონდა თუ არა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც პირველივე კითხვიდან განვმარტე, რომ ჩემი პოლიტიუკური განცხადების შინაარსი არავითარ შემთხვევაში არ ემსახურებოდა რაიმე ეჭვის გაჩენას ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით, მე ეს არ შემიფასებია. მე პოლიტიკური განცხადება დავაფუძნე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე, რომელშიც ეს კაცი იყო ნახსენები და პირველად გავიგე მისი არსებობის შესახებ, მაგრამ მე შევაფასე მწვავედ, პოლიტიკურად ის საზიზღარი დაპირისპირება, რომელიც არის "ქართული ოცნების" შიდა კრიმინალურ კლანებს - ღარიბაშილის და კობახიძე-მდინარაძის კლანს შორის. მე ვაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ შიგნით აქვთ ქაოსი, არიან შეშინებულები, ერთმანეთს თავებით ასკდებიან და არ იციან რა გააკეთონ.
იდეა არის, რომ ატეხონ ხმაური, მედია და ღარიბაშვილი, "ძლიერი საქართველო", "ნაციონალურ მოძრაობა" ირმა ინაშვილი ერთმანეთს დააკავშირონ, რომ აი, ამათ არაფერი იციან და მარტო კობახიძეა ციდან მოვლენილი ანგელოზი", - განუცხადა დათუნაშვილმა მედიას.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.