უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტის განადგურების გარეშე რუსების წინაპრების საქმის ღალატი იქნებოდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას ესმის, რისთვის ვიბრძვით. თითქოს სურვილია კიდეც, როგორც ზოგიერთი ამბობს, რაც შეიძლება მალე ყველაფერი ძველებურად დაბრუნდეს, დრონების შიში აღარ იყოს, მაგრამ ხელისუფლებაში ნაცისტური რეჟიმი დარჩეს. სწორედ ამას ცდილობს ახლა დასავლეთი, სწორედ ამას ევედრება ზელენსკი. თითქოს, მოდი, ზავი დავდოთ, პოლიტიკური შეთანხმებები საჭირო არ არის და შემდეგ უკვე განვიხილავთ, რა იქნება. ასე არ მოხდება“, - განაცხადა მან.
ლავროვმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამოც, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინის სახელმწიფოს შენარჩუნების შემთხვევაში, უკრაინელები დასავლეთის მხარდაჭერით თავდაცვის გაძლიერებას გააგრძელებენ.
„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ დავთანხმდებით ცეცხლის შეწყევტას იმ პირობით, რომ შეხების ხაზის მეორე მხარეს ნაცისტური რეჟიმი დარჩეს. ეს იქნება ღალატი იმის, რაც ჩვენმა პაპებმა და წინაპრებმა გააკეთეს, მათ ხომ ნაციზმი, როგორც მაშინ გვეგონა, სამუდამოდ დაამარცხეს, თუმცა ის სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან.