ირაკლი ღარიბაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული, - ამის შესახებ "ქართულ ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ ექს-პრემიერის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩილ გორდულაძემ ღარიბაშვილის გზავნილს არალოგიკური და გაუგებარი უწოდა.
"გადასულია თვითდაზიანების რეჟიმში. ამას რატომ აკეთებს არვიცი. ეს მას უნდა ჰკითხოთ. საზოგადოებამ კი იცის, რომ ამ წლის დასაწყისში, მან თვითონვე აღიარა კორუფციული დანაშაული, რომ მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც მას არ დაუდეკლარირებია, საიდანაც მან მიიღო პირადი სარგებელი. ამ აღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე, ის შესაბამის პასუხისმგებლობასაც იხდის, ამიტომაც, რთულია, თუ რატომ დასჭირდა მას ორი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ხან საუბრობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, შემდეგ ისაუბრა მამუკა მდინარაძეზე, ვერ გაერკვა, ვინ რა წერილი გამოუგზავნა, საერთოდ ეს წერილი რა არის და ხომ არ გავს ეს წერილი მაგალითად ხაზარაძისეულ წერილს, რომელსაც ჰქონდა თავისი პრე-ისტორია და როგორც გაგრძელდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
არვიცი, როდესაც ადამიანი საუბრობს, რომ მან აღიარა დანაშაული, თითქოს მას ეს ყველაფერი არ ჩაუდენია და ეს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ დაეზიანებინა გუნდი და შემდეგ ამ გუნდის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ იგი აცდენილია ლოგიკას და დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანებაზეა გადასული. კოურფციაში მხილებული ადამიანი, როგორ შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნდეს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.