სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულდა. 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს.
როგორც გურამ დადიანიძის დედამ სოფო ბიბილაშვილმა "ტვ პირველს" უთხრა, ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამორიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა.
გურამ დადიანიძის დედის თქმით, ასევე შემოწმდა ჭაც, სადაც საეჭვო ვერაფერი იპოვეს.
"ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი.
ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის", - თქვა სოფო ბიბილაშვილმა.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს. გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ჩაერთო.