მხოლოდ ივლისში რუსეთმა უკრაინაში სულ მცირე 437 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა და 2 610 ადამიანი დაჭრა - ეს 2022 წლის მაისის შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უახლესი ანგარიში მსოფლიოს სრულ ყურადღებას იმსახურებს.
"მხოლოდ ივლისში რუსეთმა უკრაინაში სულ მცირე 437 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა და 2 610 ადამიანი დაჭრა - ეს 2022 წლის მაისის შემდეგ მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა და დაშავებულთა ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. დაიღუპა 17 ბავშვი და 166 დაშავდა - ბავშვთა შორის ეს 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია.
ამ მზარდი მსხვერპლის უკან ერთი სახელია - რუსეთი.
ვერ მიაღწია რა ბრძოლის ველზე დასახულ მიზნებს, მოსკოვი უკრაინის მასშტაბით სარაკეტო, დრონებითა და ბომბებით თავდასხმებს აძლიერებს, რასაც ჩვენს ქალაქებში კიდევ უფრო მეტი სიკვდილი და ნგრევა მოაქვს.
ივლისში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის 38%-ი მხოლოდ შორ მანძილზე მოქმედმა იარაღმა გამოიწვია.
ეს არის მიზანმიმართული ტერორის სისტემური ხასიათის მქონე კამპანია, რომელიც უნდა დოკუმენტირდეს, გამოძიებულ იქნეს და პასუხისმგებლობის დაკისრებით დასრულდეს. ყველა რუსმა მეთაურმა და მაღალჩინოსანმა, რომელიც ამ თავდასხმებზეა პასუხისმგებელი, უნდა იცოდეს, რომ მტკიცებულებები გროვდება და სამართალი მათ აუცილებლად მიაგნებს.
სწორედ ამიტომ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაშავების რეკორდულ მაჩვენებელს მხოლოდ მორიგი შეშფოთების გამოხატვა არ უნდა მოჰყვეს. ამას გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს - სანქციები, რომლებიც რუსეთს რეალურად დააზარალებს; საჰაერო თავდაცვა, რომელიც სიცოცხლეს გადაარჩენს; ზეწოლა, რომელიც მოსკოვის გათვლებს შეცვლის; და პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელსაც რუსეთი თავს ვერ დააღწევს.
პუტინმა უნდა გაიგოს, რომ უფრო მეტი უკრაინელის დახოცვა რუსეთის პოზიციას არც ბრძოლის ველზე გააუმჯობესებს და არც მოლაპარაკებების მაგიდასთან.
არც სხვაგან.
ეს მხოლოდ გაზრდის იმ ფასს, რომლის გადახდაც რუსეთს ამ ომისთვის მოუწევს", - წერს სობიჰა.