რუსეთმა ჩრდილოეთის ფლოტიდან ბალტიის ზღვაში თანამედროვე მართვადი სარაკეტო ფრეგატი „ადმირალ კასატონოვი“ გაგზავნა. ის რეგიონში რუსეთის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო გამანადგურებელ „ადმირალ ლევჩენკოზე“ რამდენიმე დღის შემდეგ ჩავიდა.
როგორც Bild წერს, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ რუსეთს ევროპული სავაჭრო გემების წინააღმდეგ მოქმედების შესაძლებლობა ეძლევა.
ჟურნალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფრეგატის გადაყვანა იმ დროს მოხდა, როდესაც კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ ევროპის მიმართ ზომების მიღებით იმუქრება.
Bild-ის ცნობით, ფრეგატი „ადმირალ კასატონოვი“ რუსეთის ერთ-ერთი უახლესი სამხედრო ხომალდია. ის ექსპლუატაციაში მხოლოდ 2020 წელს შევიდა და „ადმირალ გორშკოვის“ კლასს მიეკუთვნება. რუსული მონაცემებით, ხომალდს „კალიბრისა“ და „ცირკონის“ ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია.
ბოლო პერიოდში ფრეგატი რუსული სატვირთო გემების დაცვისა და ესკორტირებისთვის გამოიყენებოდა ხმელთაშუა ზღვასა და ლა-მანშში.
რუსეთის მიერ ჩრდილოეთის ფლოტიდან ბალტიის ზღვაში ივლისის ბოლოს გადაყვანილი გამანადგურებელი „ადმირალ ლევჩენკო“ 160 მეტრზე მეტი სიგრძისაა. ის საბჭოთა „უდალოის“ კლასს მიეკუთვნება და 1988 წლიდან რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის შეიარაღებაშია.
გამოცემის ცნობით, ხომალდი თავდაპირველად წყალქვეშა ნავებზე სანადიროდ შეიქმნა. ის აღჭურვილია საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ტორპედოებით, გემის საარტილერიო დანადგარებითა და ბორტზე განთავსებული ვერტმფრენებით.