ჟურნალისტი, მეტეოროლოი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. იტყობინება მისი ადვოკატი თემურ ქვაშბაია სოციალურ ქსელში.
ადვოკატის ცნობით, კობა ფარტენაძე მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში. ამ დროისათვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე.
მჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.
საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მისი მიმდინარეობის შესახებ“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადამიანები ქუჩაში ხვდებიან, რომლებიც ემუქრებიან. მეორე დღეს, პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავა.
12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებულ ორ პირს 7 000-7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
16 აგვისტოს, კობა ფარტენაძემ განაცხადა, მას კვლავ დაესხნენ თავს.