რუსეთმა, შესაძლოა, დასავლეთის წინააღმდეგ პროვოკაციები გააძლიეროს და ნატო-ს ქვეყნებში შეჭრაც კი განახორციელოს. ამის შესახებ Daily Mail ექსპერტებსა და ყოფილ სამხედროებზე დაყრდნობით წერს.
ბრიტანეთის არმიის ყოფილმა პოლკოვნიკმა ფილიპ ინგრამმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპისა და ნატო-ს წინააღმდეგ უკვე ყოველკვირეულად ახორციელებს თავდასხმებს.
„შემთხვევითი არ არის, რომ გერმანიის ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონები ვიხილეთ, ასევე დაუდგენელი დრონები გერმანიის, დანიისა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და ზოგიერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტის თავზე.
შემთხვევითი არ არის, რომ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში რუსული გამანადგურებლები და პოლონეთში რუსეთის დამრტყმელი დრონები ვიხილეთ.
„შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემები ღუზის ფსკერზე თრევით წყალქვეშა კაბელებს აზიანებენ ან წყვეტენ.“
თითქმის ყოველდღიური კიბერთავდასხმები, ჯაშუშობის შესახებ ცნობები და გაურკვეველი დივერსიული აქტები - ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, პუტინის თავდასხმებია ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ინგრამმა.
ინგრამმა დასძინა, რომ რუსეთის თავდასხმები შესაძლოა გაძლიერდეს. მისი თქმით, პუტინმა შესაძლოა სცადოს ნატოს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ „პოლიტიკურ ზღვართან“ მიახლოება.
კრემლის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს შორის გამოცემა, კერძოდ, ასახელებს რუსეთის მცდელობას, დაიკავოს ქალაქი ან მთელი რეგიონი პოლონეთში ან ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანაში.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბალტიის ქვეყნები აქტიურად აძლიერებენ რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებს და თავდაცვის ხარჯების წილით ნატოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებენ.
ნატო-ში რუსეთის პროვოკაციების ფონზე მიიჩნევენ, რომ პუტინი უკვე ატარებს სადაზვერვო ოპერაციებს ალიანსის შესაძლებლობების შესამოწმებლად და მის დასაყოფად.