რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, საქართველოს მიმართ დასავლეთის ქვეყნების უპრეცედენტო საგარეო ზეწოლამ და თბილისისთვის მოსკოვთან ურთიერთობის შეწყვეტის ულტიმატუმის ტიპის მოთხოვნებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
„ხაზს გავუსვამ: ისტორიული ბედისწერისა და გეოგრაფიის მჭიდრო ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, რუსეთი და საქართველო ერთმანეთისთვის ბუნებრივი პარტნიორები არიან. ამას მოწმობს ისიც, რომ თბილისზე უპრეცედენტო საგარეო ზეწოლამ და მისთვის ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის შეწყვეტის ულტიმატუმის ტიპის მოთხოვნებმა ვერ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც დასავლეთში ელოდნენ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გალუზინის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საფუძველს მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული კავშირები და საერთო სულიერი საფუძველი წარმოადგენს.
„ცნობილი პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ჩვენ საქართველოსთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ვცდილობთ“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ბოლო წლებში სავაჭრო თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროებში მნიშვნელოვანი პროგრესი აშკარაა.
„საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდან არის, ხოლო ჩვენი ტევადი ბაზარი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ძირითადი სახეობებისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან ჩვენს ამოცანად მიგვაჩნია ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირების გაფართოებისთვის პირობების შექმნა, სხვა სიტყვებით, იმის, რაც ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია“, -განაცხადა გალუზინმა.