სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის ფონზე პორტუგალიის საზღვაო პოლიცია და სამხედრო-საზღვაო ძალები ქვეყნის სამხრეთში, ალგარვეს სანაპიროს გასწვრივ, საზღვაო საზღვრის კონტროლს აძლიერებენ. ამის შესახებ,El Mundo იუწყება.
პორტუგალიის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვაო და სახმელეთო პატრულირება კოორდინირებულად და ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ეს ზომები კოორდინირებულად და კომპლექსურად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს ძალების განთავსებას როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე, ასევე აძლიერებს იმ გემების მონიტორინგს, გამოვლენასა და შეჩერებას, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ არალეგალურ მიგრაციასთან ან სხვა უკანონო საქმიანობასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
საზღვაო პოლიციამ და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთო მისიაა“ და მოსახლეობას მოუწოდეს, საეჭვო აქტივობის შესახებ სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ აცნობონ.
პარასკევს პორტუგალიის მთავრობამ განაცხადა, რომ სეუტაში შექმნილი მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთის შენგენის ზონიდან გარიცხვას საჭიროდ არ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მსგავსი წინადადება წამოაყენა. ლისაბონის განცხადებით, პორტუგალია მუდმივ კონტაქტშია ესპანეთის ხელისუფლებასთან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის 22 ქვეყანა სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე ევროკავშირის მხრიდან დაუყოვნებლივ და კოორდინირებულ რეაგირებას მოითხოვს.
ბოლო დღეებში მაროკოდან ათიათასობით მიგრანტი ესპანეთის ანკლავ სეუტაში მასობრივად შეღწევას ცდილობდა. მათი დიდი ნაწილი სასაზღვრო ბარიერების გადალახვას ახერხებდა, რამაც მასშტაბური მიგრაციული კრიზისი გამოიწვია.
სეუტის ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა.
ესპანეთმა პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის დასახმარებლად არმია გამოიყენა, ხოლო მთავრობამ მაროკოს უსაფრთხოების ძალები უმოქმედობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიგრანტების უმრავლესობა უკვე მაროკოში დააბრუნეს.
გამოცემა El País-ის ცნობით, სეუტამდე მიღწევის მცდელობისას 67 მიგრანტი დაიღუპა, მათ შორის ნაწილი ზღვაში დაიხრჩო, ნაწილი კი დამცავ ნაგებობაზე გადასვლის მცდელობისას ჭყლეტაში დაიღუპა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტაში ჩავიდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი ესპანეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის საზღვრის უკანონოდ და სიცოცხლისთვის საშიში გზებით გადაკვეთის მცდელობები უნდა შეწყდეს.