უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ტერიტორიაზე Starlink-ის გამოყენების ნებართვის მიღებაში დახმარება სთხოვა ამის შესახებ The Atlantic იუწყება.
მედიის ცნობით, 28 ივლისს, თეთრ სახლში გამართული დახურული შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს სთხოვა, დაეხმაროს უკრაინას ილონ მასკისგან Starlink-ის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიღებაში, რათა ბალისტიკური რაკეტების გამშვებ დანადგარებზე დრონებით დარტყმები განხორციელდეს.
კიევი ვაშინგტონს სთავაზობს გზას, რომელიც Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების დამატებითი მიწოდების საჭიროებას შეამცირებს. ირანთან ომის ფონზე ამ რაკეტების მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის ნაცვლად, უკრაინას სურს გააფართოოს სხვა ამერიკული ტექნოლოგიის - ილონ მასკის მიერ კონტროლირებადი სატელიტური კავშირის ქსელის, Starlink-ის გამოყენება.
ორი ანონიმური მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა, დაერწმუნებინა მასკი, უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე Starlink-ის გამოყენების უფლება მიეცა დრონებით დარტყმების განსახორციელებლად. უკრაინის პრეზიდენტის ეს თხოვნა მესამე ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა.
აქამდე მასკი უკრაინას Starlink-ის გამოყენების უფლებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე აძლევდა, მათ შორის ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა რეგიონებში. ამასთან, მასკის კომპანია SpaceX-მა Starlink-ის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდა.
მედიის ვნობით, 28 ივლისს ზელენსკიმ ტრამპს აუხსნა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მცირე და მობილური სამიზნეების, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების განადგურების შესაძლებლობა სჭირდება. რუსეთის ძალები ამ სისტემებს უკრაინის ქალაქებზე დარტყმებისთვის იყენებენ.
აშშ-ში ვიზიტის დროს ზელენსკიმ ასევე ილონ მასკთან შეხვედრა მოითხოვა, რათა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების განადგურების გეგმა განეხილა. თუმცა, გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მილიარდერმა ეს მოწვევა არ მიიღო.
წყაროს თქმით, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ამ თხოვნებს განიხილავდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, საბოლოოდ დათანხმდებოდა თუ არა მათ.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, ჩათვლის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი, რომ ეს ნაბიჯი ომის დასრულების დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ Starlink-ის გამოყენება უკრაინას ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს, შესაძლოა ამ წინადადებას მხარი დაუჭიროს. თუმცა, თუ ჩათვლის, რომ ეს მხოლოდ კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას, სავარაუდოდ, მას არ დაეთანხმება.
ზელენსკიმ ტრამპს ასევე უთხრა, რომ უკრაინას ზამთრის დადგომამდე სჭირდება სარაკეტო საფრთხის მოგერიების შესაძლებლობების გაძლიერება, რადგან რუსეთმა შესაძლოა კვლავ სცადოს ქვეყნის ენერგეტიკული და გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოყვანა.