უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა თავდაცვის ძალებთან ერთად რუსეთის სამხედრო, ლოგისტიკურ და ნავთობგადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე მორიგი წარმატებული დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით დააზიანეს ევპატორიის საავიაციო ქარხნის საწარმოო საამქრო და ავიატექნიკის შესანახი ორი ანგარი.
„დროებით ოკუპირებულ ევპატორიაში დაზიანდა ავიატექნიკის შესანახი ორი ანგარი და ევპატორიის საავიაციო ქარხნის საწარმოო საამქრო“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე იუწყებიან, რომ დარტყმის ქვეშ მოექცა ტამანის პორტის ინფრასტრუქტურა, სადაც მასშტაბური ხანძარი დაფიქსირდა.
გარდა ამისა, დადასტურდა „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანება. ეს არის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომლის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელისა და საავიაციო საწვავს.
ამასთან, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, ლუჰანსკის ოლქის გოლუბოვის რაიონში დაზიანდა ოკუპანტების რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი.
გარდა ამისა, დაზიანდა საბრძოლო მასალის საწყობი ანექსირებული ყირიმის ნაუმოვის რაიონში და რუსეთის მართვის პუნქტი დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში.