უნგრეთი ენერგეტიკული კრიზისის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა დუნაიში წყლის დონის რეკორდული შემცირების გამო. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა.
მისი თქმით, წყლის ნაკლებობის გამო ნორმალურად ვერ მუშაობს უნგრეთის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის ელექტრომომარაგების დაახლოებით ნახევარს უზრუნველყოფს.
„ძვირფასო თანამემამულენო, გაცნობებთ საგანგებო ინფორმაციას. პირველად თავისი 42-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მოსალოდნელია, რომ „პაკშის“ ატომური ელექტროსადგური სრულად გაჩერდეს მომდევნო 24-72 საათში, დუნაიში წყლის რეკორდულად დაბალი დონის გამო. ეს ნიშნავს, რომ ორშაბათიდან უნგრეთში ელექტროენერგიის წარმოება 2000 მეგავატით შემცირდება, მაშინ როდესაც მოსახლეობისა და ბიზნესის მხრიდან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება გაძლიერებული სიცხის გამო“, - განაცხადა მან.
მადიარის თქმით, აქამდე დუნაიში წყლის ყველაზე დაბალი დონე ატომური ელექტროსადგურის რაიონში 2018 წელს დაფიქსირდა - ნორმაზე 97 სანტიმეტრით დაბლა. თუმცა, დღეს წყლის ფაქტობრივი დონე ნორმაზე 121 სანტიმეტრით დაბალია.
მისივე განცხადებით, ჰიდროლოგიური პროგნოზების მიხედვით, დუნაიში წყლის დონე „გარანტირებულად“ გააგრძელებს კლებას უახლოესი კვირების განმავლობაში.
„ამიტომ, „პაკშის“ ატომური ელექტროსადგურის ხელახალი გაშვება ნამდვილად არ იგეგმება. მინდა ყველას დავარწმუნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გაჩერება აქამდე არასოდეს მომხდარა, ეს არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. ყველა ნაბიჯი უმკაცრესი უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
მადიარის თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს მსხვილი გაზის ელექტროსადგურის „დუნამენტის“ ავარიული გაჩერება ტექნიკური ხარვეზების გამო, რამაც დამატებით 400 მეგავატი სიმძლავრის დაკარგვა გამოიწვია.
მეორე მხრივ, მისი თქმით, ძლიერი სიცხის გამო უნგრეთში ელექტროენერგიის მოხმარება ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმთან ახლოსაა.
უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ყოველივე ეს უკვე ორშაბათს გამოიწვევს „ენერგომომარაგების კრიტიკულ მდგომარეობას, რომლის მსგავსი უნგრეთის ისტორიაში არასოდეს ყოფილა.“
მადიარმა მსხვილ სამრეწველო მომხმარებლებს მოუწოდა, პიკური დატვირთვის საათებში ელექტროენერგიის მოხმარება ნებაყოფლობით შეზღუდონ, რათა მოსალოდნელ ენერგეტიკულ კრიზისს გაუმკლავდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მზადდება საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მარეგულირებელს საშუალებას მისცემს, გეგმიურად იძულებით გათიშოს ქსელიდან მსხვილი მომხმარებლები.
გარდა ამისა, გატარდება ზომები ელექტროენერგიის არასავალდებულო ხარჯების შესამცირებლად, კერძოდ, სახელმწიფო სექტორში, ასევე არსებული ელექტროგენერაციის შესაძლებლობების მაქსიმალურად მობილიზებისთვის.
მადიარმა ასევე აღიარა, რომ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შემუშავებულია მომხმარებლებისთვის ეტაპობრივი, გეგმიური გათიშვებიც.