უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კრივი რიჰთან ახლოს მდებარე დაბა რადუშნოეზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
„ამ რუსული ბოროტების შეჩერება მხოლოდ მთელ მსოფლიოს შეუძლია. მსოფლიოში არავინ უნდა დარჩეს ასეთი ტერორის პირისპირ მარტო. როდესაც ვამბობთ, რომ უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტები სჭირდება და ვეძებთ შესაძლებლობებს, დავიცვათ თავი რუსული ბალისტიკური იარაღისგან, ეს აბსტრაქტული საკითხი არ არის. საუბარია სწორედ ასეთ ოჯახებზე, სწორედ ასეთ ადამიანებზე, რომლებიც გადარჩებიან, თუ რუსული რაკეტების ჩამოგდება იქნება შესაძლებელი და პარტნიორები უკრაინას ჩამჭრელ რაკეტებს მიაწვდიან. ეს ის ოჯახებია, რომლებიც შეიძლება დაიღუპონ, თუ რუსული „ისკანდერების“ შეჩერება ვერ მოხერხდება“, - დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთის თავდასხმების შედეგები იმ ადამიანებმა ნახონ, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ.
„მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები დაინახონ მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს - პენტაგონში, ევროპის დედაქალაქებში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც უკრაინისთვის სიცოცხლის დაცვის მიზნით დახმარების შესაძლებლობა არსებობს. რეალობა თავად მეტყველებს. სიცოცხლის დაცვა აუცილებელია. საჰაერო თავდაცვისთვის რაკეტები გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, რადუშნოეში საცხოვრებელ სახლზე რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად ვორონოვების ოჯახში მშობლები და მათი სამი შვილი დაიღუპა, ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. უკრაინის პრეზიდენტმა თავდასხმას „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის საშინელი დანაშაული“ უწოდა.
"ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ დაიღუპნენ მშობლები და სამი შვილი - მარკი, აზარი ილაი და ემილია. რუსული რაკეტის დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლისგან თითქმის არაფერი დარჩა... ნანგრევებში ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს და მხოლოდ ექსპერტიზა შეძლებს დაადგინოს, ოჯახის რომელ წევრებს ეკუთვნის ისინი. ზახარის, დომინიკას, ვიორიკას, ფედერიკასა და პატარა არტემის ბედი ამ დრომდე უცნობია. ეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კიდევ ერთი საშინელი დანაშაულია - დანაშაული ჩვეულებრივი ადამიანებისა და მშვიდობიანი ცხოვრების წინააღმდეგ", - წერს ზელენსკი.
როგორც ცნობილია, 30 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც გამოიყენეს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების სხვადასხვა ტიპის რაკეტები.