გამოცემა The New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი უკრაინის ერთ-ერთ პორტზე მცირე საბრძოლო ქობინის მქონე ბალისტიკური რაკეტის გაშვებას განიხილავდა. თუმცა, დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად, ვითარების შეცვლა ამ ეტაპზე მოხერხდა.
„ირანელი და დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებით, ირანი უკრაინულ პორტზე დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავდა უკრაინის მიერ ირანულ ხომალდზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, თუმცა ინტენსიურმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ ამ დროისთვის სიტუაციის სტაბილიზაცია შეძლო“, - წერს გამოცემა.
დაზვერვის მონაცემებზე ინფორმირებული რამდენიმე პირის განცახდებით, მოსალოდნელი იყო, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ გაუშვებდა ბალისტიკურ რაკეტას მცირე ზომის ქობინით, რათა ეს ყოფილიყო სიმბოლური გაფრთხილება და შედარებით მცირე ზიანი გამოეწვია.
სხვა ოფიციალური პირების შეფასებით, სავარაუდო სამიზნე უკრაინის შავი ზღვის ერთ-ერთი პორტი იყო.
აღინიშნება, რომ ირანიდან უკრაინის მიმართულებით გაშვებული ნებისმიერი რაკეტა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევდა და შესაძლოა ომის გაფართოება გამოეწვია.
25 ივლისს ირანმა უკრაინა კასპიის ზღვაში მის სავაჭრო ხომალდზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
თეირანმა საკუთარ ხომალდზე თავდასხმას „აგრესიის აქტი“ უწოდა და კიევი უკრაინაში ომის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა.
28 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის ტელეფონით ესაუბრა და დაარწმუნა, რომ უკრაინა ესკალაციის თავიდან აცილებისკენ ისწრაფვის.
საპასუხოდ, არაღჩიმ განაცხადა, რომ ანდრი სიბიჰამ სატელეფონო საუბრისას დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა უნებლიე იყო და კიევი კონფლიქტის ესკალაციისკენ არ ისწრაფვის, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა აანაზღაუროს კასპიის ზღვაში სავაჭრო ხომალდისთვის მიყენებული ზარალი.