Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინა და შეერთებული შტატები განიხილავენ ახალ წინადადებებს რუსეთთან შეთანხმების თაობაზე, რომელიც საჰაერო დარტყმების შეწყვეტას ითვალისწინებს.
უკრაინულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირები განიხილავდნენ წინადადებას საჰაერო იერიშების შეწყვეტის შესახებ, რომლის წარდგენაც რუსეთისთვის იგეგმება, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ახალი ინიციატივის ნაწილი.
წყაროს ცნობით, უკრაინა მანამდე მიმართავდა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებით, თუმცა ეს წინადადებები რუსეთისთვის მიუღებელი იყო . ამასთან, ზოგიერთი ოფიციალური პირი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული დარტყმების შედეგად რუსეთის ეკონომიკაზე გაზრდილმა ზეწოლამ შესაძლოა პუტინის პოზიცია შეარბილოს.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია.
„ჩვენ არ ვიცით, რამდენად სანდოა ეს ცნობები და საიდან მოდის ისინი. ეს მხოლოდ მედიის პუბლიკაციებია და მეტი არაფერი. ამიტომ ამ ეტაპზე მათი კომენტირება ნაადრევია. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ახალი ვარიანტები. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა გავიგოთ მათ შესახებ მეტი… დროთა განმავლობაში, ალბათ, იქნება წარმოდგენილი გარკვეული ვარიანტები ან წინადადებები. რა მოხდება შემდეგ, დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეესაბამება ისინი ჩვენს ინტერესებს“, - განაცხადა პესკოვმა.