ესპანეთში ტყის ხანძრებმა NASA-ს ერთ-ერთ ობსერვატორიას მიაღწია, რომელიც კოსმოსურ აპარატებთან, მათ შორის Voyager 1-თან და James Webb-ის კოსმოსურ ტელესკოპთან, კავშირის უზრუნველსაყოფად გამოიყენება. ამის შესახებ Wired წერს.
ამავე სისტემის მეშვეობით ხორციელდებოდა კავშირი ახლახან დასრულებული Artemis-ის მისიის დროსაც, რომლის ფარგლებშიც კოსმოსურმა ხომალდმა Orion-მა მთვარის გარშემო იფრინა.
ესპანეთში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მადრიდის მახლობლად ხანძრის რამდენიმე კერა კონტროლიდან გამოვიდა, რის გამოც ხელისუფლებამ 60 ათასი ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
სტიქიით დაზარალებულ ზონაში შედის მუნიციპალიტეტი რობლედო-დე-ჩაველა, რომელიც NASA-ს შორეული კოსმოსური კავშირის კომპლექსის სიახლოვეს მდებარეობს.
კადრებში ჩანს, რომ რადიოტელესკოპები კვამლითა და ცეცხლით არის გარშემორტყმული.
NASA-ს წარმომადგენელმა Wired-ს განუცხადა, რომ სააგენტომ კომპლექსიდან მთელი პერსონალის უსაფრთხოდ ევაკუაცია შეძლო.
NASA-ს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა ზემოქმედება მოახდინა ცეცხლმა შიგნით განთავსებულ მგრძნობიარე მოწყობილობებზე.
„შესაძლო დაზიანებები შეფასდება, როგორც კი ამის უსაფრთხოდ გაკეთება იქნება შესაძლებელი,“ - განაცხადა NASA-ს წარმომადგენელმა.
ამჟამად სააგენტოს ინფორმაციით, NASA-ს კოსმოსურ მისიებთან კავშირის უზრუნველყოფა გოლდსტოუნის (კალიფორნია) კომპლექსმა გადაიბარა, რაც სააგენტოს საშუალებას აძლევს, კოსმოსურ აპარატებთან კომუნიკაცია შეუფერხებლად გააგრძელოს.
ესპანეთში მდებარე ობიექტი, ავსტრალიის კანბერის და კალიფორნიის გოლდსტოუნის ანალოგიურ კომპლექსებთან ერთად, წარმოადგენს სისტემის ნაწილს, რომელსაც NASA „მსოფლიოში ყველაზე დიდ და ყველაზე მგრძნობიარე სამეცნიერო სატელეკომუნიკაციო სისტემას“ უწოდებს.