სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა წევრი სახელმწიფოების ასამბლეის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე ხანი სექსუალურ შევიწროებაში იყო დადანაშაულებული. იუწყება Reuters
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის მიერ 2026 წლის 24 ივლისს სპეციალურ სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც პროკურორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, რადგან დადგინდა, რომ მან სამსახურის მოვალეობები სერიოზულად დაარღვია,“ - ნათქვამია სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.
გადაწყვეტილება ასამბლეის დახურულ კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით მიიღეს. ასამბლეა 125 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.
სასამართლომ ასევე მოუწოდა ყველა მხარეს, პატივი სცენ პროცესში მონაწილე პირების კონფიდენციალურობასა და უფლებებს.
კარიმ ხანის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, პროკურატურის ოფისის ხელმძღვანელობასა და საქმიანობის მართვას მისი მოადგილე პროკურორები აგრძელებენ.
სასამართლოს განცხადებით, იგი მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ყველა თანამშრომლისთვის უსაფრთხო და პატივისცემაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლის მიერ წარდგენილი ბრალდებები კარიმ ხანის 2023-2024 წლებში სავარაუდო ქმედებებს ეხება. მომჩივანი ამტკიცებს, რომ ხანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მის მიმართ იძულებით და თანხმობის გარეშე სექსუალური ხასიათის ქმედებებს სჩადიოდა.
2025 წლის მაისში კარიმ ხანმა შვებულება აიღო მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამოძიება დაიწყო.