რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან 23 ივლისს გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებებისთვის და მოუწოდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, მხარეებმა განიხილეს „ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი, უმაღლეს დონეზე ბოლო დროის კონტაქტების განვითარების ფარგლებში“.
რუსეთის საგარეო სამინისტროს ცნობით, ლავროვმა რუბიოს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომში არსებული ვითარების შესახებ, რომელსაც მოსკოვი „რეალურს“ უწოდებს, და ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება „დაუშვებელია“.
„ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის მხარის მზადყოფნა კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად და იმ წინადადებების ერთგულება, რომლებიც ამერიკულმა მხარემ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დროს ანკორიჯში წამოაყენა“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, მხარეებმა ასევე განიხილეს აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური მისიების მუშაობის პირობების „ნორმალიზება“.