აშშ-მა საუდის არაბეთთან ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა, რომელიც სამეფოს, საერთაშორისო ზედამხედველობის „ოქროს სტანდარტის“ დაცვის გარეშე სამოქალაქო ბირთვული რეაქტორებისთვის საწვავის გამდიდრების შესაძლებლობას აძლევს.
ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა. შემდეგ ეტაპზე დოკუმენტი განსახილველად კონგრესს გადაეგზავნება.
ე.წ. 123-ე შეთანხმება 30 წლის ვადით იმოქმედებს. წყაროს თქმით, მის განხორციელებაში ამერიკული კომპანიებიც ჩაერთვებიან და საუდის არაბეთის ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის ტექნოლოგიებსა და ექსპერტიზას უზრუნველყოფენ.
CNN-ის შეფასებით, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთს ბირთვულ ტექნოლოგიებზე წვდომას აძლევს, შესაძლოა როგორც აშშ-ში, ისე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დავის საგანი გახდეს, რადგან ბირთვული საწვავის გამდიდრების შესაძლებლობა თეორიულად ბირთვული იარაღის შექმნის წინაპირობადაც შეიძლება იქცეს.
აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა განაცხადა, რომ „ეს შეთანხმებები ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამება.“
მანამდე CNN იუწყებოდა, რომ ადმინისტაცია შეთანხმების გაფორმებას თვეების განმავლობაში აჭიანურებდა ირანთან ომისა და კონგრესის მხრიდან შესაძლო წინააღმდეგობის გამო.
ურანის გამდიდრების დაწყებამდე აშშ-ისა და საუდის არაბეთის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, რამდენად არის ეს ტექნიკურად და ეკონომიკურად მიზანშეწონილი. ამასთან, ამერიკული მხარე შესაბამის ობიექტს ააშენებს, თუმცა საუდის არაბეთს კონფიდენციალურ ბირთვულ ტექნოლოგიებს არ გადასცემს.