ნორვეგიაში 2011 წლის 22 ივლისის ტერაქტების 77 მსხვერპლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ოსლოს სამთავრობო კვარტალში მდებარე მემორიალურ კომპლექსში დაღუპულთა სახელები წაიკითხეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ და ნორვეგიის მუშათა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გაუტე ბიორსტად სკიერვიომ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, ხოლო მეფე ჰარალდ V და დედოფალი სონია ოსლოს საკათედრო ტაძარში გამართულ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ წირვას დაესწრნენ
თავის გამოსვლაში სტიორემ განაცხადა, რომ აუცილებელია საზოგადოებამ ღიად და გულწრფელად გააგრძელოს საუბარი მომხდარზე, ტერორისტის მოტივებზე, მის იდეოლოგიურ საფუძვლებსა და მემარჯვენე ექსტრემიზმის, სიძულვილისა და დემოკრატიისადმი ზიზღის შედეგებზე.
პრემიერის თქმით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული მასობრივი მკვლელობა საზოგადოებრივ მეხსიერებაში უნდა დარჩეს და ახალ თაობებსაც უნდა აუხსნან მისი მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვრცელდება სიცრუე და შეთქმულების თეორიები, მათ შორის მტკიცებები, თითქოს ტერაქტები დადგმული იყო.
ღვთისმსახურებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე საერთაშორისო განვითარების მინისტრი ოსმუნდ აუკრუსტი, რომელიც უტოიას კუნძულზე თავდასხმას გადაურჩა.
ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთხელ წაიკითხეს 77 დაღუპულის სახელი. დღის მეორე ნახევარში კი უტოიას კუნძულზე დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ცერემონია გაიმართა.
2011 წლის 22 ივლისს ულტრამემარჯვენე ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოს ცენტრში, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. ამავე დღეს ის თავს დაესხა კუნძულ უტოიაზე ჩასულ მოზარდებს, რა დროსაც ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა.მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი.
ამჟამად ბრეივიკი ნორვეგიის ციხეშია. მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა კანონით ამ ვადის განუსაზღვრელი დროით გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ბრეივიკი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.