უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი სიბიჰამ დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის პორტისკენ მიმავალი სამოქალაქო ტანკერზე დარტყმა და რუმინეთს ეკიპაჟის გადარჩენის მიზნით სწრაფი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ სიბიჰას X-ზე წერს.
სიბიჰას განცხადებით, უკრაინის პორტისკენ მიმავალ LNG-ტანკერ Gas Lisbon-ზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა რუსეთის ტერორისტული ქმედებების მორიგი გამოვლინებაა და მიუთითებს, რომ კრემლს საერთაშორისო საზღვაო სამართალი არ აინტერესებს.
"რუსეთის აგრესიული ომი არა მხოლოდ უკრაინას ემუქრება, არამედ წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს ნაოსნობის თავისუფლებისთვის, შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოებისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისთვის.
უკრაინისკენ მიმავალი LPG-ტანკერ Gas Lisbon-ის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმა, რომელიც რუმინეთის სანაპიროსთან ახლოს მოხდა, რუსული ტერორის კიდევ ერთი მაგალითია.
თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ეკიპაჟის წევრები დაშავდნენ, საფრთხე შეექმნა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კრემლს არ გააჩნია პატივისცემა არც საერთაშორისო საზღვაო სამართლის და არც სამოქალაქო ადამიანების სიცოცხლის მიმართ.
მადლობას ვუხდით რუმინეთს სწრაფი სამაშველო ოპერაციისთვის, უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობისთვის და იმის მკაფიო გააზრებისთვის, რომ რუსეთის დაუფიქრებელი ქმედებები მთელი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.
უკრაინა კვლავაც მზად არის, გააღრმაოს თანამშრომლობა რუმინეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
პასუხი საფრთხის მასშტაბს უნდა შეესაბამებოდეს. უფრო მკაცრი სანქციები. უფრო ძლიერი ზეწოლა რუსეთზე. სრული პასუხისმგებლობა აგრესიის თითოეულ აქტზე. აგრესორი უნდა აიძულონ, დაასრულოს ომი“, - განაცხადა სიბიჰამ.
შეგახსენებთ, რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს რუმინეთის სანაპიროსთან თავდასხმა მოხდა ტანკერზე, რომელსაც პროპანი გადაჰქონდა.
„სახელმწიფო უწყებები სრულ მზადყოფნაში არიან და დაადგენენ ამ მძიმე ინციდენტის გარემოებებს, მიზეზებსა და პასუხისმგებლობას. დიდი ალბათობით, ეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული უკანონო აგრესიული ომის ნაწილია“, - განაცხადა ნიკუშორ დანმა.