“ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, გულბაათ რცხილაძე, რომელიც ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
რცხილაძე თანახმა იყო შინა პატიმრობაზე - ელექტრონული სამაჯურით კონტროლზე, მაგრამ მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატის ინფორმაციით, შემდეგი პროცესი 3 აგვისტოს ჩაინიშნა.
გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.