18 ივლისს, თელავში ქორწილის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს თელავის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი, რომელიც გუშინ ქორწილში იმყოფებოდა.
როგორც უწყებაში მედიას განუცხადეს, მრელაშვილმა "გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა."
უწყების ცნობით მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.
ცნობისთვის, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას. აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ერთ-ერთმა მამაკაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაზიანება მიაყენა. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.