ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა განაახლა ომი, რომელიც, მათი მტკიცებით, რეალურად არასდროს შეუწყვეტია. კორპუსის განცხადებით, ვაშინგტონმა ბრძოლის ველი დატოვა მას შემდეგ, რაც ირანის შეიარაღებული ძალებისგან „გამანადგურებელი პასუხი“ მიიღო, რომლებიც, მათი თქმით, ახლა 28 თებერვალს დაწყებულ კონფლიქტთან შედარებით უფრო ძლიერები არიან.
„გუშინდელი დღიდან მტერმა ახალი მიდგომა აირჩია - სამხედრო დაპირისპირებაში მარცხის დასაფარად ომის დანაშაულებს სჩადის: ანადგურებს საავადმყოფოებს, ხიდებს, რკინიგზას, აეროპორტებს, პორტებს, სატელეკომუნიკაციო ცენტრებს და სხვა ობიექტებს, ასევე კლავს მშვიდობიან მოსახლეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, რადგან არ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც „ამერიკულ სისასტიკეს“ შეაჩერებს, ირანს აგრესიაზე ანალოგიური პასუხის გაცემის გარდა სხვა გზა არ დარჩა.
კორპუსის მტკიცებით, ამ ეტაპზე ღამის იერიშები მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე იყო მიმართული. მათ შორის დასახელებულია ქუვეითში მდებარე არიფჯანის სახმელეთო ძალების ლოგისტიკური ცენტრი, სადაც აშშ-ის სამხედროების შეკრების ადგილი იყო, ასევე ალი ალ-სალემის ავიაბაზაზე არსებული რადარი, იარაღის ტექნიკური მომსახურების ანგარი და დრონების თავშესაფარი. განცხადების თანახმად, ეს ნაბიჯი ვაშინგტონისთვის იმის საჩვენებლად გადაიდგა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს თავისი „უსინდისო მიდგომა“.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე გააფრთხილა ის ქვეყნები, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ძალებს მასპინძლობენ და თავიანთ ტერიტორიას ირანზე თავდასხმებისთვის გადასცემენ.
„ქვეყნები, რომლებმაც თავიანთი ტერიტორია აგრესორი ამერიკული სამხედრო ძალებისა და დამნაშავეების განკარგულებაში გადასცეს ირანზე თავდასხმებისთვის, მზად უნდა იყვნენ შესაბამისი პასუხის მისაღებად. მათ სამოქალაქო თავდაცვის დანაყოფები უნდა აამოქმედონ, რათა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე დაიცვან და ისინი სავარაუდო სამიზნეებს მოაშორონ“, ნათქვამია განცხადებაში.