ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანზე ნებისმიერი თავდასხმა ანალოგიური ძალით მიიღებს პასუხს. განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის მორიგი დარტყმების საპასუხოდ კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მოკავშირეებზე იერიშების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ CNN იუწყება.
„რადგან არ არსებობს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც აშშ-ის სამხედროების სისასტიკეს შეაჩერებს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ყურანის ბრძანებას მივყვეთ:„ვინც თავს დაგესხმებათ, თავს დაესხით ისევე, როგორც ის დაგესხათ“, - აღნიშნულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
ღამით ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე მორიგი დარტყმები განახორციელეს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ეს უკვე ზედიზედ მეშვიდე ღამეა, რაც იერიშები ხორციელდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აღარ მოქმედებს.
ცოტა ხნის შემდეგ ირანის სახელმწიფო მედიამ, რომელსაც Reuters-ი ციტირებს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ცენტრალურ ირანში, ქალაქ იაზდში, ასევე კუნძულ ქეშმსა და ბანდარ-აბასის პორტში, რომელიც hორმუზის სრუტესთან მდებარეობს.