დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში კიდევ ათობით საჰაერო ტანკერის (საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავის) გაგზავნას გეგმავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოების წინ.
ამის შესახებ Axios-ს სამმა ამერიკელმა და ისრაელელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში ტრამპს ირანის წინააღმდეგ მოქმედების რამდენიმე ახალი სამხედრო გეგმა წარუდგინეს, აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს „ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევის შესაძლებლობას, რომელიც მასშტაბებით ჰორმუზის სრუტის რაიონში მიმდინარე დარტყმებს გადააჭარბებს“.
წყაროების ინფორმაციით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა, სავარაუდოდ, კონფლიქტის ესკალაციისკენ იხრება. ამერიკელი და ისრაელელი ოფიციალური პირების თქმით, შესაბამისი ბრძანება შესაძლოა უახლოეს დღეებში გასცეს.
ამჟამად აშშ-ს დაახლოებით 30 საჰაერო ტანკერი თელ-ავივის მახლობლად მდებარე ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში ჰყავს განთავსებული, დაახლოებით ამდენივე კი - სამხრეთ ისრაელში, რამონის აეროპორტში.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, უახლოეს დღეებში აშშ კიდევ რამდენიმე ათეული ასეთი თვითმფრინავის გაგზავნას აპირებს.
მათი თქმით, ამერიკელი სამხედროები უპირატესობას ბენ-გურიონის აეროპორტის გამოყენებას ანიჭებენ, რადგან რეგიონში მდებარე სხვა ავიაბაზები ირანის შესაძლო თავდასხმების მიმართ უფრო მოწყვლადია და ამერიკული ავიაციისთვის ნაკლებად უსაფრთხოდ მიიჩნევა.
Axios-ის ცნობით, აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაზრდამ ისრაელში პოლიტიკური დისკუსიაც გამოიწვია, რადგან ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში დიდი რაოდენობით სამხედრო თვითმფრინავების განთავსებამ შესაძლოა ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკზე სამოქალაქო ავიამიმოსვლა შეაფერხოს.