უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-95 გაანადგურა.
„მადლობელი ვარ ჩვენი მებრძოლების სიზუსტისთვის. ამ ომის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების დარტყმები კვლავ წარმატებული იყო. კერძოდ, უსაფრთხოების ძალებმა ენგელსში გაანადგურეს სამხედრო თვითმფრინავი ტუ-95, რომელსაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამიზნე უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.
„ჩვენ სამართლიანად და აქტიურად ვიცავთ თავს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე დაარტყეს რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კონკრეტულ სამხედრო სამიზნეებს. ჩვენ ვზრდით იმ ფასს, რომელსაც რუსეთი ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ აგრესიისთვის იხდის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტუ-95-მა კრიტიკული დაზიანება მიიღო - თვითმფრინავს სრულად მოგლეჯილი აქვს კუდის ნაწილი.
უწყების ცნობით, სწორედ ეს ბორტი სისტემატურად გამოიყენებოდა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო დარტყმების განსახორციელებლად.