აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დარტყმების მეორე ტალღა განახორციელა.
CENTCOM-ის ინფორმაციით, ოპერაცია მიზნად ისახავდა იმ ირანული შესაძლებლობების განადგურებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ ნაოსნობას. სარდლობის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო საზღვაო გზაა, რომელსაც მსოფლიო ვაჭრობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ამერიკელი სამხედროების თქმით, დარტყმები უმაღლესი მთავარსარდლის მითითებით განხორციელდა და მათი მიზანი ირანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა.
CENTCOM-მა ხუთშაბათს დილით ასევე განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო ოპერაცია დასრულდა.
სარდლობის ცნობით, ამერიკულმა ძალებმა ზუსტი იარაღის გამოყენებით დაარტყეს ირანის სარდლობის პუნქტებს, საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, სარაკეტო და უპილოტო სისტემებს, ასევე სანაპირო სადამკვირვებლო ინფრასტრუქტურას, რათა კიდევ უფრო შეეზღუდათ ირანის შესაძლებლობა საფრთხე შეუქმნას კომერციული გემების ეკიპაჟებს.
დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა, მათ შორის ბანდარ-აბასში.
CENTCOM-ის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მანამდე ამერიკულმა ძალებმა 90-წუთიანი ოპერაციის ფარგლებში დარტყმები მიაყენეს ირანის სანაპირო თავდაცვის ობიექტებსა და ფრთოსანი რაკეტების ბაზებს დიდი ტუნბის (Greater Tunb) კუნძულზე