ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და უკრაინა „დრონების შეთანხმებას“ გააფორმებენ, რომელიც თავდაცვითი მრეწველობის სფეროში ახალ პარტნიორობას ჩაუყრის საფუძველს.
ამის შესახებ მან კიევში, უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სწორედ ამიტომ მიხარია, ვოლოდიმირ, თქვენთან ერთად ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავდაცვითი მრეწველობის სფეროში ახალი პარტნიორობის დაწყება. დოკუმენტი, რომელსაც დღეს ხელს ვაწერთ, ჩვენი საკუთარი „დრონების შეთანხმებაა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბოლო თვეებში უკრაინამ მსგავსი შეთანხმებები დრონების სფეროში ევროპის და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან გააფორმა, რაც უკრაინის საბრძოლო გამოცდილების მიმართ დიდ ინტერესზე მიუთითებს.
„თქვენ მიერ დრონებისა და ანტიდრონული სისტემების გამოყენების მიმართულებით დაგროვებული ცოდნა მართლაც უნიკალურია. ეს მოიცავს დრონების ტექნოლოგიებსა და წარმოებას, მათი წარმოების მხარდამჭერ მიწოდების ჯაჭვებს, ასევე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - რადარების, სახმელეთო მართვის სადგურებისა და სენსორების გამოყენების გამოცდილებას. ეს გამოცდილება ერთად უნდა გამოვიყენოთ“,- აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.