პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი სავარაუდოდ, „ცრუ დროშის“ ოპერაციას ამზადებს, რომლის ფარგლებშიც უკრაინული დრონების გამოყენებას გეგმავს.
სიკორსკიმ, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, დაადასტურა, რომ პოლონეთი მსგავსი რუსული პროვოკაციისთვის ემზადება და აღნიშნა, რომ ამ ოპერაციაში შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი უკრაინულმა დრონებმა შეასრულონ.
„პუტინმა დაახლოებით ერთი თვის წინ მსგავსი რამ თავადაც თქვა. მან განაცხადა: თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა თავს დაგვესხმება, ჩვენ პასუხს გავცემთ. ამიტომ ჩვენ ვეჭვობთ, რომ ის გეგმავს უკრაინული დრონების გამოყენებას ნატო-ს წევრ ქვეყანაზე ან რუსეთზე თავდასხმისთვის, შემდეგ კი ამ თავდასხმაზე საპასუხო მოქმედებას“, - განაცხადა სიკორსკიმ.
მისი თქმით, კრემლის ლიდერმა ვლადიმiრ პუტინმა შესაძლოა მსგავს ქმედებებს მიმართოს, „მით უმეტეს, რომ ის სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია და მარცხდება“.
„ასეთი რეჟიმები ყოველთვის ასე მოქმედებენ. შეგახსენებთ 1939 წლის გლივიცის პროვოკაციას, როდესაც აბვერის აგენტებმა, პოლონელი ჯარისკაცების ფორმაში გადაცმულებმა, მაშინდელი რაიხის ტერიტორიაზე რადიოსადგური დაიკავეს. ჩვენი გზავნილი ვლადიმირ პუტინისთვის ასეთია: ჩვენ ვიცით, რას გეგმავ - ნუ გააკეთებ ამას“, -აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მანამდე, სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა, პოლონეთს პირდაპირ დაესხას თავს, თუმცა მოსკოვმა შესაძლოა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციებს მიმართოს.