უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმებების შედეგებზე ისაუბრა. ამის შესახებ მან Telegram-ში დაწერა.
„უკრაინა მიიღებს ახალ, განახლებულ ფრანგულ-იტალიურ SAMP/T NG-ის სისტემებს. ეს ეფექტიანი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებია. საფრანგეთი ასევე წელს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად ორ SAMP/T-ის კომპლექსს მოგვაწვდის. ამასთან, საფრანგეთი და იტალია მიმდინარე წლის ოქტომბრამდე Aster 30-ის რაკეტების მიწოდებას დააჩქარებენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო ავიაციისთვის ფრანგული Rafale-ის 16 ტიპის გამანადგურებლისა და მათთვის განკუთვნილი შეიარაღების შესყიდვა იგეგმება.
„უკვე წელს საფრანგეთში ჩვენი მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის მომზადება უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Rafale-ის ტიპის პირველი ოთხი გამანადგურებელი გადაეცემა. ჩვენ სისტემურად ვაძლიერებთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს.
უკრაინა იღებს ლიცენზიებს ძალიან სერიოზული შეიარაღების - SCALP-ის რაკეტების, AASM-ის ბომბებისა და იტალიასთან ერთად ასევე Aster 30-ის რაკეტების წარმოებისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე დაამატა, რომ საფრანგეთი უკრაინასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ითანამშრომლებს ანტიბალისტიკური პროგრამის - FREYJA-ს ფარგლებში. ზელენსკიმ ეს პროგრამა „მომავლის განსაკუთრებულ ძალად“ შეაფასა.